1.დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და მისი სპეციალური წარმომადგენელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებული არიან წერილობით ან ელექტრონულად უზრუნველყონ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაციის აღრიცხვა: ა) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, სპეციალური წარმომადგენლის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) მონაცემთა დამუშავების მიზნების შესახებ; გ) მონაცემთა სუბიექტებისა და მონაცემთა კატეგორიების შესახებ; დ) მონაცემთა მიმღების (მათ შორის, სხვა სახელმწიფოში არსებული მონაცემთა მიმღების ან საერთაშორისო ორგანიზაციის) კატეგორიების შესახებ; ე) სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მონაცემთა გადაცემის, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების თაობაზე, მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნებართვის შესახებ (მისი არსებობის შემთხვევაში); ვ) მონაცემთა შენახვის ვადების შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, მათი შენახვის ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე; ზ) მონაცემთა უსაფრთხოებისთვის მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების ზოგადი აღწერა; თ) ინციდენტების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.თითოეული დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი და მის მიერ მონაცემთა დამუშავებაში ამ კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით ჩართული პირი ვალდებული არიან წერილობით ან ელექტრონულად უზრუნველყონ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაციის აღრიცხვა: ა) დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების, სპეციალური წარმომადგენლის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით განხორციელებული მონაცემთა დამუშავების სახეების შესახებ; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუ იგი მონაწილეობს სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მონაცემთა გადაცემის პროცესში; დ) მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების ზოგადი აღწერა; ე) ინციდენტების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირებმა, დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა და სპეციალურმა წარმომადგენელმა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია შესაბამისი მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უნდა მიაწოდონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
4.სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოს მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
5.ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ სამართალდამცავი ორგანოსთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა აცნობოს ამ მონაცემების გადაცემიდან 24 საათში.
6.გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
7.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონულ ეგზემპლარს, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, აგრეთვე ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილების ელექტრონულ ეგზემპლარს, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, სააგენტო მისი მიღებისთანავე აწვდის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.



