1.სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით, საფეხურის გამოტოვების გარეშე.
2.სამხედრო მოსამსახურეს (გარდა უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისა) მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები: ა) გავიდა მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, გარდა ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) სამხედრო მოსამსახურე აკმაყოფილებს მისანიჭებელი მორიგი სამხედრო წოდებისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; გ) სამხედრო მოსამსახურეს უკავია ფაქტობრივ სამხედრო წოდებაზე მაღალი საშტატო კატეგორიის თანამდებობა; დ) შერჩევის საბჭომ მიიღო მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების (წოდებრივი დაწინაურების) შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი კატეგორიებისთვის, რომელთა წოდებრივი დაწინაურება ხდება ცენტრალიზებულად, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით.
3.სამხედრო მოსამსახურე ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად − აგრეთვე ამავე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4.ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდება შეიძლება მიენიჭოს პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს, თუ მას 2 წლის განმავლობაში ეკავა პოლკოვნიკის თანამდებობა და 1 წლის განმავლობაში − უმაღლესი ოფიცრის საშტატო კატეგორიის თანამდებობა.
5.სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურების წესი და პროცედურები, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი კატეგორიები, რომელთა წოდებრივი დაწინაურება ხდება ცენტრალიზებულად, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
