Статья 27. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა
1. მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
2. მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევა სავალდებულოა. ამასთანავე, შესაძლებელია მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაზღვევა.
3. მოსამსახურეს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო.
4. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს.
5. მოსამსახურეს სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად ეძლევა ხელფასი, რომელიც მოიცავს: ა) მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს; ბ) დადგენილი წესით განსაზღვრულ წელთა ნამსახურობის დანამატს (ამ დანამატის გაცემის მიზნებისთვის ნამსახურებ წლებში ჩაითვლება სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა საჯარო/სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა); გ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრულ, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს.
