1.ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ანიჭებს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსს. ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი დგინდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
2.ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. ამ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) ორგანიზაციის წესდება; გ) ორგანიზაციისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის განვითარების კონცეფციები; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
3.სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 1 თვის ვადაში. სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველია განმცხადებლის მიერ ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა. სტატუსის მინიჭების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორგანიზაციას აღრიცხავს უწყებრივ რეესტრში. რეესტრის მონაცემები ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე.
4.სახელწოდების „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიანიჭა ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსი. თუ პირი არამართლზომიერად იყენებს ამ სახელწოდებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უფლება აქვს, მოსთხოვოს მას ამ სახელწოდების გამოყენების შეწყვეტა.
5.ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სახელწოდების გამოყენებით საქმიანობის განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე იწვევს ამ კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

