Статья 13. საარჩევნო კომისიის წევრის / ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით (გარდა ცესკოში ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული პარტიის მიერ დანიშნული წევრისა და ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტითა და ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა): ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა მისი არჩევის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი დანიშვნის შემთხვევაში არჩევის/დანიშვნის დღიდან 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური; ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა; გ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების ფაქტი; დ) თუ გამოვლინდა, რომ საკონკურსოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები არასწორია, – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან; ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის ან ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში; ვ) თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; ზ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში; თ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი; ი) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას; კ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში.
