1.სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის ქსელის), მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების მომსახურების მოთხოვნით და ამ წესების მე-4 მუხლით გათვალისწინებული, განაცხადით მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია მიუთითოს განმცხადებელს განაცხადში ამ წესებთან შეუსაბამო მოთხოვნებისა და უზუსტობების შესახებ.
2.ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის ქსელის) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებისა და წყალმომარაგების მომსახურებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია იმოქმედოს ამ წესების მე-4 მუხლის მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად, თუ ეს მუხლი სხვა პირობას არ ითვალისწინებს.
3.მიმწოდებელი სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში კისრულობს ვალდებულებას სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს წყალმომარაგების მომსახურება და უზრუნველყოს სასმელი წყლით მომარაგებისა და წყალარინებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) კისრულობს ვალდებულებას დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.
4.წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმეორებით განხორციელება.
5.ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემასთან და არ ხდებოდა მისთვის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად სასმელი წყლის მიწოდება.
6.თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში ამ ახლად აშენებული ობიექტის სასმელი წყლით მომარაგების მიზნით საჭიროა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემასთან ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის ქსელის) მიერთება, პირს (ან პირთა ჯგუფს), რომელსაც სურს მიუერთდეს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემას, სათანადო განაცხადით უნდა მიმართოს მიმწოდებელს.
7.ეს მუხლი არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის სასმელი წყლით უზრუნველყოფაზე, რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა და ხდება (ან ხდებოდა) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასმელი წყლით მომარაგება.
8.მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის, ან მესაკუთრის შეცვლა მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით მოქმედების საფუძველს. ეს მუხლი ასევე არ ვრცელდება სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული დანადგარებისა თუ ობიექტების სასმელი წყლით მომარაგებისათვის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე დროებით მიერთების შემთხვევებზე.
9.სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის ქსელის) მიერთებისას მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს მიერთებისათვის სათანადო მოქმედების განხორციელება.
10.თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე, დაბალი დაწნევის ერთი ან ერთდოულად ორი ან სამი ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის ქსელის) მიერთებას, მიმწოდებელი ვალდებულია ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს ახალი მომხმარებლის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო და ხარჯი (სრული ტექნოლოგიური ციკლი) აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოს (მრიცხველის) ჩათვლით.
11.მიმწოდებელი ვალდებულია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა გასცეს განაცხადის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია, აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს განმცხადებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთშეთანხმებით. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მიერთების წერტილს; ბ) მიერთების მილსადენის დიამეტრს; გ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან მოხმარების დასაშვებ მოცულობას; დ) წყალარინების ქსელზე მიერთების ადგილს; ე) წყალარინების ქსელში ჩამდინარე სითხის დასაშვებ მოცულობას.
12.მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას მიმწოდებელი ვალდებულია მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ისე, რომ მისი შესრულება დაკავშირებული იყოს შესაძლოდ მცირე ხარჯებთან.
13.ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეესაბამებოდეს განაცხადით წარდგენილ სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციას. სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციაში მიერთების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სათანადო შესწორებები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ განმცხადებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთშეთანხმებით.
14.ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის ქსელის) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების განაცხადის განხილვისას მიმწოდებელი ვალდებულია მიერთების წერტილი განსაზღვროს არსებული სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის შესაბამის საფეხურზე.
15.საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში ამ ახლად აშენებული ობიექტის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად.
16.ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის ქსელის) მიერთებასთან დაკავშირებული ჩატარებული სამუშაოს ან/და მომსახურების ღირებულება, ასევე ამ ახალი მოხმარებლის მიერთებისთვის შექმნილი აქტივები არ მიიღებს მონაწილეობას წყალმომარაგების ტარიფის გაანგარიშებისას, თუ აღნიშნული განხორციელებულ იქნა მომხმარებლის ხარჯზე ან მისგან მოზიდული სახსრების მეშვეობით.
