1.სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, კომპიუტერული სისტემა ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.
2.თუ ნივთიერი მტკიცებულება არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მესაკუთრის/მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმის მწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით წერილობით შესთავაზებს მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს, თუ ეს პირი ცნობილია, დაიბრუნოს კუთვნილი საგანი. საქმის მწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება საგნის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს მისი ვინაობის დადგენისთანავე უნდა გაუგზავნოს. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე საგნის მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის ხელმოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისად ოჯახის წევრის ან/და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას.
3.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ცნობილი არ არის, არ არსებობს ამ საგნის კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან აღნიშნული საგნის დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი შეიძლება ჩაჰბარდეს შესაბამის პირს (ორგანიზაციას) გამოსაყენებლად, შესანახად ან მოსავლელად.
4.თუ მესაკუთრემ/კანონიერმა მფლობელმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში არ დაიბრუნა სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე თუ სატრანსპორტო საშუალების ამოღებიდან 90 დღეში ვერ დადგინდა მისი მესაკუთრის ან კანონიერი მფლობელის ვინაობა ან იმავე ვადაში ვერ ჩაჰბარდა მას შეტყობინება, სატრანსპორტო საშუალება პროკურორის დადგენილებით უბრუნდება პირს, რომელმაც ის შეიძინა და შეძენის მომენტისათვის არ იცოდა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ (კეთილსინდისიერი შემძენი).
5.თუ სატრანსპორტო საშუალების შემძენმა შეძენის მომენტისათვის იცოდა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ ან ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ. მაგისტრატი მოსამართლე ამ კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, წარდგენიდან არაუგვიანეს 5 დღისა განიხილავს აღნიშნულ შუამდგომლობას ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ან კეთილსინდისიერი შემძენისათვის დაბრუნების შესახებ. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე სატრანსპორტო საშუალების შემძენი კეთილსინდისიერად ითვლება. სატრანსპორტო საშუალების შემძენის არაკეთილსინდისიერების მტკიცების ტვირთი პროკურორს ეკისრება.
6.ამ მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინება შეიძლება ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს პროკურორმა ან დაინტერესებულმა პირმა. 6 1 . თუ ნივთიერი მტკიცებულება არის სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული მერქნიანი მცენარე, პროკურორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს ამ ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების მიზნით მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემა. ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების შედეგად მიღებული თანხა სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე განთავსდება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე და ამის შესახებ ეცნობება პროკურორს.
7.ამ მუხლის შესაბამისად ნივთიერი მტკიცებულების ბედის გადაწყვეტა დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს საგნის კუთვნილების თაობაზე.
8.სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის კანონი №893 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5390 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1105 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1575 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3163 – ვებგვერდი, 05.07.2023წ.

