საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 219. წინასასამართლო სხდომა
1. თუ ბრალდებულის მაგისტრატ მოსამართლესთან პირველი წარდგენის შემდეგ ბრალდება შეიცვალა, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს, ამ ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის ზომას და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის არსს (ასეთი მკურნალობის არსებობის შემთხვევაში).
2. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და რა მოცულობით, და საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული დებულებები საპროცესო შეთანხმების შესახებ.
3. თუ ბრალდებულს ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის, მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებები და მასთან დაკავშირებული ბრალდებულის უფლებები. ამის შემდეგ მოსამართლე არკვევს, თანახმაა თუ არა ბრალდებული, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. თუ ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს არ განაცხადებს, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს.
4. წინასასამართლო სხდომის მოსამართლე: ა) განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე; ბ) ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით განიხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას. თუ ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ სასამართლო ვალდებულია თავისი ინიციატივით ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი; გ) განიხილავს შუამდგომლობას საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის მიზნით; დ) განიხილავს მხარეთა სხვა შუამდგომლობებს; ე) წყვეტს არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხს.
