Статья 18^4. სახელმწიფო ხაზინა
1. სახელმწიფო ხაზინა პასუხისმგებელია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების სრულად და სწორად აღრიცხვისთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშგებისთვის.
2. სახელმწიფო ხაზინას საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი აქვს ერთიანი ანგარიში. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გახსნას დამატებითი ანგარიშები სხვა ბანკებში.
3. სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშისა და სხვა ანგარიშების მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან ფულადი სახსრების ჩამოწერაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ სახელმწიფო ხაზინას.
4. სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები ინახება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, აგრეთვე სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებზე.
5. სახელმწიფო ხაზინა ყოველი თვის ბოლოს ამზადებს ანგარიშგებას ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ.
6. სახელმწიფო ხაზინის თანხმობის გარეშე დაუშვებელია საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გახსნა, გარდა ამ კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გააუქმოს საბანკო ანგარიშის გახსნის ნებართვა და დახუროს ანგარიში. საბიუჯეტო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული ყველა შემოსულობის სრულად და დაუყოვნებლივ აღრიცხვას სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
