საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Article 31. ეროვნული ბანკის სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციები
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკზე, მიკრობანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაზე, რომლებსაც ეროვნულ ბანკში ანგარიშები აქვთ გახსნილი, გასცეს კრედიტები თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი უზრუნველყოფით.
2. კრედიტის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი აქტივების ჩამონათვალს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
4. ეროვნულ ბანკს შეუძლია ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე და მის მიერ დადგენილი პირობებით გასცეს სესხი საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლიკვიდობის მწვავე უკმარისობის დროს, შესაბამისი უზრუნველყოფით. ეს სესხი მაქსიმალურად მოკლევადიანი უნდა იყოს და მისი ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სესხის საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს საბაზროსთან მიახლოებული და არანაკლებ ეროვნული ბანკის ერთდღიანი მუდმივმოქმედი სესხის განაკვეთისა. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102 საქართველოს 2017 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №858 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
