საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 279^2. ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა
1. ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენის ვადის დარღვევა − იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველი დაგვიანებული დღისთვის 3 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.
2. ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით დამატებითი ინფორმაციის წარდგენის შესახებ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა − იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველი შემდგომი განმეორებისთვის 20 000 ლარის ოდენობით.
4. ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის არასრულად/არასწორად წარდგენა − იწვევს პირის დაჯარიმებას წარდგენილ ინფორმაციაში გამოტოვებული ან არასრულად/არასწორად წარდგენილი ანგარიშგებისადმი დაქვემდებარებული თითოეული ანგარიშისთვის 10 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ამ ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის ჯამური თანხა თითოეული საანგარიშო პერიოდისთვის 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
