საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Article 41^3. კომისიისთვის ინფორმაციის/მტკიცებულების წარუდგენლობა
1. ამ კანონის 41 2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე კომისიის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის/მტკიცებულების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, არასწორად ან არასრულყოფილად წარდგენის თითოეულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი, გარდა მომხმარებლისა (მომჩივნისა), შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დააჯარიმოს 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო იმავე ინფორმაციის/მტკიცებულების მიმართ დარღვევის განმეორებით ან მრავალჯერადად ჩადენის შემთხვევაში − 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე.
2. კომისია დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
3. ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი გაცნობისთანავე. ფულადი ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
4. კომისია უფლებამოსილია დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, რისთვისაც კომისია გასცემს სააღსრულებო ფურცელს. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ აღსრულდება, თუ იგი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო გამოცემიდან 6 თვის ვადაში. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისას კრედიტორი არის სახელმწიფო. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
