1.გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების გადახდა ეკისრება მის მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად, სამკვიდრო მოწმობის მიღების დღიდან.
2.გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.
3.გარდაცვლილი პირის მემკვიდრე ვალდებულია შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ, თუ მისთვის ცნობილია გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების თაობაზე.
4.საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს არაუგვიანეს 30 დღისა იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ პირის მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ, გაუგზავნოს შეტყობინება საგადასახადო დავალიანების თაობაზე.
5.გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ: ა) გარდაცვლილ პირს არ ჰყავს მემკვიდრე; ბ) მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროზე; გ) გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას − საგადასახადო დავალიანების დარჩენილი თანხის ოდენობით.
6.მემკვიდრე, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი ფიზიკური პირის ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულია: ა) ამის შესახებ აცნობოს საგადასახადო ორგანოს; ბ) ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად, ხოლო თუ გარდაცვლილი პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი იყო − დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად; გ) გადაიხადოს გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება; დ) შეასრულოს ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის სხვა ვალდებულებები.
7.მემკვიდრეს, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას, უფლება აქვს: ა) მოითხოვოს გარდაცვლილი პირის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნება ან მომავალი გადასახადის ანგარიშში ჩათვლა; ბ) გარდაცვლილი პირის პირველადი საგადასახადო დოკუმენტები გამოიყენოს საგადასახადო ანგარიშგების დროს; გ) წარადგინოს საგადასახადო დეკლარაციები (მათ შორის, შესწორებული) გარდაცვლილი პირის საქმიანობის პერიოდზე; დ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარდაცვლილი პირის შესაბამისი დოკუმენტები გამოიყენოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დასადასტურებლად და აქციზის/დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის მისაღებად; ე) გააგრძელოს გარდაცვლილი პირის მიერ დაწყებული საგადასახადო დავა; ვ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის სხვა უფლებებით.
8.საგადასახადო ორგანო ვალდებულია გააერთიანოს გარდაცვლილი პირისა და მისი მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათები, თუ მემკვიდრე აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას.
9.მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი პირის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების ან მომავალი გადასახადის ანგარიშში ჩათვლის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 თვისა: ა) ვალდებულია გარდაცვლილი პირის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა ასახოს მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე; ბ) უფლებამოსილია დაადგინოს პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის, საგადასახადო შემოწმების ჩატარებით; გ) უფლებამოსილია გარდაცვლილი პირის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი გადასახადის დარიცხვა განახორციელოს: გ.ა) მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე, თუ მემკვიდრე აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას; გ.ბ) მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე, არსებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის ფარგლებში, თუ მემკვიდრე არ აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას; დ) ვალდებულია ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდეგ გარდაცვლილი პირის მემკვიდრეს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრუნოს ან მომავალი გადასახადის ანგარიშში ჩაუთვალოს გარდაცვლილი პირის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.
10.ამ მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მემკვიდრის მიმართ ამ კოდექსით განსაზღვრული სანქციები (მათ შორის, საბაჟო სანქცია) არ გამოიყენება. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №64 46 – ვებგვერდი, 25 .0 6 .2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.



