Article 35. სახელმწიფო ორგანოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი
1. სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი ამ განცხადებით მიმართვიდან 2 კვირის ვადაში, დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შესაბამისი ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის სათანადო მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის საფუძველია, ან სახელმწიფო ქონების გადაცემაზე მოტივირებულ უარს აცხადებს. ქონების მმართველის მიერ სახელმწიფო ქონების გადაცემაზე უარის განცხადების შემთხვევაში სახელმწიფო ქონების გადაცემის საკითხი განიხილება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შემდეგ სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეს ქონება სარგებლობაში გადასცეს სხვა სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს ან მუნიციპალიტეტს, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს ან მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით სარგებლობაში გადასცეს ის ქონება, რომელიც მის ბალანსზე ირიცხება.
