1.პატენტის მფლობელის ნებართვის გარეშე შესაძლებელია გაიცეს პატენტით დაცული გამოგონების ან/და სასარგებლო მოდელის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზია (შემდგომ – სავალდებულო ლიცენზია).
2.სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭო (შემდგომ – მუდმივმოქმედი საბჭო). მისი შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3.სავალდებულო ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის“ შესაბამისად.
4.სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე განცხადებას დაინტერესებული პირი წარუდგენს მუდმივმოქმედ საბჭოს.
5.დაუშვებელია სავალდებულო ლიცენზიის ექსკლუზიურად მხოლოდ 1 პირზე გაცემა.
6.დაუშვებელია სავალდებულო ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა.
7.სავალდებულო ლიცენზია შესაძლებელია გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ: ა) აუცილებელია პატენტის გამოყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის, თავდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დროს; ბ) პატენტით დაცული გამოგონების ან/და სასარგებლო მოდელის გამოყენება შეუძლებელია სხვა, უფრო ადრინდელ პატენტზე პატენტის მფლობელის ან მისი უფლებამონაცვლის განსაკუთრებული უფლებების დაურღვევლად.
8.ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო ლიცენზიის გაცემა შეიძლება მოითხოვოს სახელმწიფო ორგანომ, თუ დაასაბუთებს შესაბამისი საფუძვლის არსებობას.
9.ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს იმის დასაბუთებას, რომ გამოგონება ან სასარგებლო მოდელი არის მნიშვნელოვანი ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც არსებითად დამოკიდებულია ადრინდელი პატენტით დაცულ გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე და რომელსაც აქვს საზოგადოებისათვის არსებითი ეკონომიკური უპირატესობები ადრინდელი პატენტით დაცულ გამოგონებასთან ან სასარგებლო მოდელთან შედარებით.
10.ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სავალდებულო ლიცენზიის მიმღები შესაბამისი გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტით დაცვის შემთხვევაში ვალდებულია გასცეს კერძო ლიცენზია იმ პატენტის მფლობელზე, რომლის პატენტის გამოსაყენებლადაც გაიცა სავალდებულო ლიცენზია.
11.სავალდებულო ლიცენზიის გაცემა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო ლიცენზიის სავარაუდო მიმღები წარუმატებლად ეცადა, გონივრულ ვადაში, მისაღები კომერციული პირობებით მიეღო ლიცენზია პატენტის მფლობელისაგან ან მისი უფლებამონაცვლისაგან.
12.ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პირობა შესაძლებელია არ იქნეს გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, რის შესახებაც პატენტის მფლობელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
13.სავალდებულო ლიცენზიის ობიექტის გამოყენების ფარგლები, სავალდებულო ლიცენზიის მოქმედების ვადა, შესაბამისი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება იმ მიზნის მიხედვით, რომლისთვისაც იქნა ნებადართული შესაბამისი გამოგონების ან/და სასარგებლო მოდელის გამოყენება. ასეთი გამოყენება ნებადართულია, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ბაზრის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
14.სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში პატენტის მფლობელს ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია მისაღები კომერციული პირობებით.
15.სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება პერიოდულად გადაიხედება და უქმდება, თუ აღარ არსებობს სავალდებულო ლიცენზიის გაცემის აუცილებლობის გამომწვევი გარემოება.
16.სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში საქპატენტს რეესტრში შეაქვს შესაბამისი ჩანაწერი და სათანადო მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში სავალდებულო ლიცენზიის გაცემიდან 1 თვის ვადაში.
17.სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში.
18.სავალდებულო ლიცენზია არ არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზია.


