„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 13^1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომ − კომისია) არის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) წესდების მე-7 თავის შესაბამისად მიღებული უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით (შემდგომ − გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები) განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადებას, რათა ამ პირებმა არ განახორციელონ ტერორისტული ან სხვა უკანონო საქმიანობის დაფინანსება ან მისი სხვა ფორმით მხარდაჭერა.
2. კომისია თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად თანამშრომლობს საქართველოს და უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, გაეროსთან.
3. კომისიის საქმიანობას წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს კომისიას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში და ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტებს.
4. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოახდინოს საკუთარი უფლება-მოვალეობების ან მათი ნაწილის დელეგირება კომისიის სხვა წევრზე.
5. კომისიის შემადგენლობაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თანათავმჯდომარე.
6. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას, მის წევრთაგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის თანათავმჯდომარეს.
7. კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5353 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4453 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
