1.შეფასებისათვის დაშვებული წინადადებების შერჩევის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს წინადადებების დეტალურ განხილვასა და შესწავლას. სატენდერო კომისიას უფლება აქვს სატენდერო წინადადებების განხილვისათვის მოიწვიოს ექსპერტები და კონსულტანტები. სატენდერო წინადადებების ან/და ექსპერტების დასკვნების განხილვა ხდება სატენდერო კომისიის სხდომებზე, საჭიროების შემთხვევაში სატენდერო კომისიას შეუძლია მოიწვიოს პრეტენდენტ ან მისი წარმომადგენელი მის წინადადებასთან დაკავშირებით საჭირო ახსნა-განმარტებების მიღების მიზნით.
2.იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად დაშვებულია სატენდერო წინადადებების ფასის დაფიქსირება სხვადასხვა კონვერტირებად ვალუტაში, სატენდერო წინადადებების განხილვის დროს უნდა მოხდეს მათი გადაყვანა ეროვნულ ვალუტაში იმ კურსის შესაბამისად, რომელიც მითითებული იყო სატენდერო დოკუმენტაციაში.
3.სატენდერო წინადადებების დეტალური განხილვისა და შესწავლის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების შეფასებას, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
4.შეფასებისათვის გამოყენებული კრიტერიუმები შეიძლება ეხებოდეს როგორც უშუალოდ პრეტენდენტებს, ასევე მათ მიერ წარმოდგენილ წინადადებებს.
5.პრეტენდენტების შეფასების მიზანს წარმოადგენს მათი ფინანსური მდგომარეობის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერსონალის კვალიფიკაციის, რეპუტაციის, გამოცდილების და სხვა მონაცემების და მახასიათებლების შედარება.
6.სატენდერო წინადადებების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი კრიტერიუმები: ა) სატენდერო წინადადების ღირებულება (პრეფერენციული შეღავათის გათვალისწინებით); ბ) საქონლის მიწოდების, სამუშაოთა შესრულების, მომსახურების გაწევის ვადები; გ) საქონლის, სამუშაოების, მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები; დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები; ე) შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ მის ექსპლუატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, რემონტთან დაკავშირებული ხარჯები; ვ) სატენდერო წინადადების შესაბამისობა როგორც მთლიანად ქვეყნის, ასევე რეგიონულ ინტერესებთან და შემსყიდველი ორგანიზაციის ძირითად მიზნებთან.
7.შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის დროს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს 0,3-ს.
8.სატენდერო კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით ათქულიანი სისტემით, თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ხმად. სატენდერო კომისიის წევრები თავის წერილობით შეფასებაზე წერენ დასკვნას დ ადასტურებენ ხელმოწერით.
9.თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის სატენდერო წინადადება მიიღებს ერთნაირ შეფასებას, სატენდერო კომისიის წევრი ადარებს ქულებს კრიტერიუმების მიხედვით და უპირატესობას ანიჭებს იმ პრეტენდენტს, რომელსაც მეტი ქულა აქვს მიღებული უფრო მაღალი კოეფიციენტის მქონე კრიტერიუმების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ შეფასება აბსოლუტურად იდენტურია, სატენდერო კომისიის წევრმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელს ანიჭებს უპირატესობას და წერილობით დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
10.გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელსაც სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მიანიჭებს უპირატესობას. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
11.სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები და დასკვნები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილე პირების და ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების შესახებ, აგრეთვე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადების მოკლე აღწერა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
12.გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა ვადაში სატენდერო კომისია აცნობებს შედეგებს ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს და იწვევს გამარჯვებულს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დასადებად.


