1.სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ პირველ რიგში უნდა განხორციელდეს მათი შერჩევა. შერჩევის მიზანია წარმოდგენილი სატენდერო წინადადების და თანმხლები დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
2.შერჩევის პროცედურის დროს მოწმდება: ა) სრულად არის თუ არა წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო წინადადებას; ბ) არის თუ არა ყველა საჭირო დოკუმენტი შედგენილი შესაბამისი ფორმის დაცვით (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, საჭიროების შემთხვევაში ბეჭდით დამოწმება, თარიღის მითითება დ სხვა); გ) არსებითად შეესაბამება თუ არა სატენდერო წინადადება სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ტექნიკურ მოთხოვნებს, ვადებს და სხვა პარამეტრებს.
3.სატენდერო წინადადებების შერჩევის დროს აგრეთვე უნდა შემოწმდეს არის თუ არა მათში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში სატენდერო კომისიამ ამ წინადადების წარმომდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს დაშვებული შეცდომის გასწორება.
4.სატენდერო კომისიას შეუძლია თვითონ შეასწოროს წმინდა მექანიკური შეცდომები შემდეგი წესების გათვალისწინებით: ა) თუ ადგილი აქვს შეუსაბამობას შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასსა და მთლიან ფასს შორის, რომელიც მიღებულ იქნა ერთეულის ფასისა და რაოდენობის გამრავლებით (უპირატესობა ენიჭება ერთეულის ფასს); ბ) თუ ადგილი აქვს შეუსაბამობას ციფრობრივად და სიტყვიერად გამოსახულ სიდიდეებს შორის უპირატესობა ენიჭება სიტყვიერ გამოსახულებას).
5.შერჩევის პროცესში სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების კლასიფიცირებას შემდეგ კატეგორიებად: ა) სატენდერო წინადადებები, რომლებიც შეიძლება მისაღებად ჩაითვალოს; ბ) სატენდერო წინადადებები, რომლებიც მნიშვნელოვანი გადახრების ან შეცდომების, ან სატენდერო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის გამო ვერ ჩაითვლება მისაღებად.
6.სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პრეტენდენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში; ბ) თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს თავისი საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებას; გ) თუ პრეტენდენტი უარს განაცხადებს ან არ დაეთანხმება სატენდერო წინადადებაში ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად შესწორებების შეტანაზე; დ) თუ სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს; ე) თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას; ვ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.

