Article 15. პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების წარდგენისა და გახსნის წესი
1. პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების წარდგენის წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-15 მუხლითა და ამ დებულებით.
2. პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელის (ფიზიკური პირის) მიერ და წარედგინოს სატენდერო კომისიას დახურულ კონვერტებში.
3. სატენდერო წინადადებების მიღებასა და მათ რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) აწარმოებს სატენდერო კომისიის აპარატი სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე.
4. ყოველ პრეტენდენტს აქვს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადების წარდგენის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია დასაშვებად ჩათვლის ალტერნატიული წინადადებების წარდგენას, რის შესახებაც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული განცხადებაში ტენდერის ჩატარების შესახებ და სატენდერო დოკუმენტაციაში. ალტერნატიული წინადადება წარმოადგენს წინადადებას, რომელიც გულისხმობს ჩანაცვლებადი საქონლის მიწოდებას, ალტერნატიული პროექტის განხორციელებას, შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებათა დაკმაყოფილებას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულისაგან განსხვავებული გზით. ტენდერში მონაწილეობისათვის ალტერნატიული წინადადებების დაშვების შემთხვევაში პრეტენდენტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ როგორც ერთი წინადადება (სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისი ან ალტერნატიული), ასევე რამდენიმე, რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთ კონვერტში, მასზე გაკეთებული შესაბამისი აღნიშვნებით.
