Article 16^1. ვაზნის გადამუხტვა
1. დასაშვებია ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარების მიზნით სანადირო გლუვლულიანი, ხრახნილლულიანი ან კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვა. ვაზნის გადამუხტვისას ვაზნა იწყობა მისი ქარხნული წესით დამზადებული კომპონენტების ან გასროლილი მასრის გამოყენებით. დასაშვებია მხოლოდ იმ ვაზნის გადამუხტვა, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის.
2. სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვა დასაშვებია ქარხნული წესით დამზადებული, სტანდარტული ნიმუშის ვაზნის პარამეტრების გათვალისწინებით, მასრის ზომების ან/და ტყვიის კალიბრის შეცვლის გარეშე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელება არ საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზიას.
4. პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლება აქვს იმ ფიზიკურ პირს, რომელიც ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ფლობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას.
5. ფიზიკური პირი, რომელსაც სურს პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვა, ვალდებულია ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გადაამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ეს პირი ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.
6. ამ მუხლით დადგენილი წესით ვაზნის გადამუხტვისას ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების წესები.
7. ფიზიკურ პირს ეკრძალება პირადი მოხმარების მიზნით გადამუხტული ვაზნის გასაღება ან/და სხვა პირისთვის გადაცემა.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისთვის (თოფისთვის) განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვისა) დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
