Article 64. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი
1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავს ესხმის მოსამსახურეს ან სხვა პირს ან სჩადის სხვა განზრახ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ, უშუალო და იმწუთიერ საფრთხეს უქმნის მოსამსახურის ან სხვა პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, მოსამსახურემ შეიძლება გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევის, პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას ან გადაყვანისას გაქცევის ან სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის შემთხვევაში, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამსახურემ შეიძლება გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. გამოყენებული უნდა იქნეს მინიმალური – გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესაჩერებლად აუცილებელი ძალა. ქალის გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია.
3. გაქცევად მიიჩნევა: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დამცავი ზღუდის გადაკვეთა; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას ან გადაყვანისას მის მიერ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული დაცვის ხაზის გადაკვეთა.
