1.ექიმი-სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველია: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი, დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის (სარეზიდენტო ან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა; დ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ხელმძღვანელის წარდგინება-რეკომენდაცია, ან იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინება-რეკომენდაცია, სადაც სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი მუშაობდა; ე) შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა; ვ) (ამოღებულია); ზ) შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს აქვს ასეთი დოკუმენტი; თ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ შესაბამის საექიმო სპეციალობაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოთა აღწერა.
2.საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში და მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, საქართველოში იმავე საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) მუდმივი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების საფუძველია: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია განმცხადებლის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართი, აგრეთვე მითითება, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას; ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც გაცემულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში.
3.საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა ამ კანონის მე-9 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების საფუძველია: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია განმცხადებლის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართი, აგრეთვე მითითება, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას; ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც გაცემულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში; დ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა. საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის კანონი №1135 - სსმI, №33, 10.11.2001წ., მუხ . 133 საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №593 - სსმI, №34, 16.
11.2004წ., მუხ . 161 საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ . 323 საქართველოს 2009 წლის 4 დეკებრის კანონი №2224 - სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.341 საქართველოს 2010 წლის 17 დეკებრის კანონი №4122 - სსმI,№76,29.12.2010წ., მუხ.507


