1.ფორმა №4-ის I ნაწილი ივსება საქართველოს რეზიდენტის მიერ, ხოლო II ნაწილი კი საქართველოს საგადასახადო ორგანოს მიერ.
2.ფორმა №4-ის I ნაწილის: ა) პირველ გრაფაში მიეთითება რეზიდენტის სახელი და გვარი - ფიზიკური პირის შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - სახელწოდება; ბ) მე-2 გრაფაში მიეთითება საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) მე-3 გრაფაში მიეთითება სრული მისამართი (საცხოვრებელი ადგილის მისამართი/იურიდიული მისამართი); დ) მე-4 გრაფა ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეზიდენტი არის ფიზიკური პირი. აღინიშნება პირადობის დამადასტურებელი საბუთის სახელწოდება (მოწმობა, პასპორტი), საბუთის გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და პირადი ნომერი; ე) მე-5 გრაფაში რეზიდენტი მიუთითებს, თუ რა კრიტერიუმის საფუძველზე განიხილება იგი საქართველოს რეზიდენტად; ვ) ფორმა №4 - ის პირველი ნაწილის ბოლოს აღინიშნება შევსების თარიღი, შესაბამისი უფლებამოსილება/თანამდებობა და რეზიდენტი მოთხოვნას ადასტურებს ხელმოწერით და ოფიციალური ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.ფორმა №4 - ის II ნაწილი ივსება საქართველოს საგადასახადო ორგანოს მიერ, საქართველოს რეზიდენტის მიერ წარდგენილი რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნის საფუძველზე (ფორმა №4-ის I ნაწილში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე). საგადასახადო ორგანო საქართველოს რეზიდენტს ამ ცნობით უდასტურებს, რომ აღნიშნული პირი შესაბამისი პერიოდისათვის იყო საქართველოს რეზიდენტი საგადასახადო მიზნებისათვის. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი მიუთითებს თავის სახელსა და გვარს, თანამდებობას, საგადასახადო ორგანოს სახელწოდებას, საგადასახადო ორგანოს მისამართს, თარიღს და ცნობას ამოწმებს ხელმოწერით და ოფიციალური ბეჭდით.
4.განმცხადებელს უბრუნდება ფორმა №4-ის ორიგინალი საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული მე-2 ნაწილით. ფორმა №4-ის ასლი რჩება საგადასახადო ორგანოში.
5.იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს რეზიდენტი საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით წარადგენს იმ სახელმწიფოში არსებულ რეზიდენტობის დამადასტურებელ ფორმას (ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს ქართულ ენაზე), სადაც მან მიიღო შემოსავალი და ითხოვს რეზიდენტობის დადასტურებას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია წარმოდგენილ ფორმაში შესაბამისი ველის არსებობის შემთხვევაში, ხელმოწერით და ოფიციალური ბეჭდით დაადასტუროს მისი საქართველოს რეზიდენტობა.
