Article 25^6. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები
1. სააგენტო ნორმატიული აქტებით ამტკიცებს საქმიანობის ლიცენზიის განაცხადის ფორმას, ამ ლიცენზიის შინაარსს და შესაბამისი საქმიანობის ზოგად პირობებს.
2. საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს უნდა წარედგინოს განაცხადი სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით.
3. განაცხადს უნდა ერთოდეს: ა) საქართველოს რეზიდენტისათვის – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ხოლო უცხო ქვეყნის საწარმოსათვის – მისი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული/ლეგალიზებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია/ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში წარმომადგენლობის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის მიერ განსახორციელებელი, საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დეტალური აღწერა; გ) იმ ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიური პროცესების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში გამოიყენებს; დ) იმ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში გამოიყენებს; ე) აუდიტის დასკვნა განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ; ვ) არსებობის შემთხვევაში – დოკუმენტი განმცხადებლის გამოცდილების (კვალიფიკაციის) შესახებ და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი ახორციელებდა საქმიანობას ბოლო 5 წლის განმავლობაში; ზ) განმცხადებლის წერილობითი გარანტია, რომ საქმიანობის ლიცენზიის მიღების შემთხვევაში იგი სააგენტოს წარუდგენს სრულ ინფორმაციას ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების შესახებ; თ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობა საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისაგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღება, მან სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრებისა და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისათვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები. განმცხადებლის მიერ მიწის კერძო მესაკუთრესთან შეუთანხმებლობა სააგენტოს მიერ საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.
