1.საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია.
2.საქართველოში მცხოვრებ უცხოელად, ამ კანონის თანახმად, ჩაითვლება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.
3.რეგისტრაცია ან რეგისტრაციის არქონა არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის, მათ შორის საკუთრების განკარგვის უფლების შეზღუდვის საფუძველი ან მათი განხორციელების პირობა, გარდა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4.სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, ნებისმიერი სხვა დაწესებულება ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით მოითხოვოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც სანოტარო წესით დამოწმებას არ საჭიროებს. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში გრაფა „მისამართი“ შეუვსებელია, მასთან ერთად შეიძლება მოთხოვნილ იქნეს რეგისტრაციის მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც ასევე არ საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის დადასტურება ხდება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გადამოწმების გზით.
5.სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს, ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან იურიდიული პირის მიერ სამსახურში მიღებისას, იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებისას ან სხვა მიზნით პირისთვის საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მოთხოვნა დაუშვებელია. საქართველოს 2000 წლის 27 ოქტომბრის კანონი №579-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.112 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2051 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6997 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.



