Article 21^3. ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა
1. ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუწყდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) თუ იგი სასამართლომ ცნო შეზღუდულქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებ პირად, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის; ე) (ამოღებულია); ვ) თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რისი დროულად აღმოჩენაც გამოიწვევდა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე მისთვის უარის თქმას; ზ) თუ არ იხდის საწევრო გადასახადს; თ) გარდაცვალების შემთხვევაში.
2. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ, ხოლო „ა“, „გ“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს იღებს ცნობად.
3. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს ადვოკატს პირადად ან იმავე ვადაში უნდა გაეგზავნოს მას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
