Article 10. მოთხოვნები ადვოკატისადმი
1. ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც: ა) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის/პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა; გ) გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც 1-წლიანია და შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან.
2. ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ადვოკატი არ შეიძლება იმავდროულად იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება.
4. პირს, რომელსაც აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლედ ან/და პროკურორად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მოეთხოვება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამის 3-თვიანი თეორიული ნაწილის გავლა. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ. 55 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5029 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ. 236 საქართველოს 2011 წლის 13 სექტემბრის კანონი №5036 - ვებგვერდი, 23.09.2011წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4347 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №127 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3797 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2222 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
