Article 169^1. მერის არჩევნების მეორე ტური და ხელახალი არჩევნები
1. თუ მერის არჩევნებში კანდიდატმა ვერ მიიღო ამ კანონის 169-ე მუხლით განსაზღვრული ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ორზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო, არჩევნების მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მონაწილეობს.
2. მერის არჩევნების მეორე ტურს (მეორე ტურებს) ნიშნავს ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად. მერის არჩევნების მეორე ტური (მეორე ტურები) ტარდება მერის არჩევნებიდან მეოთხე შაბათს.
3. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. თუ კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.
4. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულ ერთ-ერთ ან ორივე კანდიდატს გაუუქმდა რეგისტრაცია, ან კანდიდატი გარდაიცვალა, 2 თვის თავზე ტარდება ხელახალი არჩევნები. არჩევნების თარიღს ნიშნავს ცესკო ზემოაღნიშნული ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში.
