1.არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას აძლევენ არჩევნების პირველ ტურში არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომლებშიც ცვლილებები შეიტანება მხოლოდ შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: ა) მიერ ცესკოსთვის მიწოდებული საქართველოს იმ მოქალაქეთა შესახებ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის ჩატარების დღეს შეუსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე იმავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ ინფორმაციის საფუძველზე; ბ) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა სპეციალურ სიას, შესაბამისი წესით ხმის მიცემის უფლების მქონე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემების გათვალისწინებით; გ) არჩევნების მეორე ტურისთვის გამოიყენება სპეციალური სიები, რომლებიც მეორე ტურის ჩატარების დღისთვის აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; დ) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების (ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და ამომრჩეველთა სპეციალური სიის) საბოლოო ვერსიის (საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსიისა და საჯარო ვერსიის) 2 ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას; ე) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღეს მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 8 დღისა მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიას ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის მოთხოვნით. მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.
