Article 192. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ ანგარიშის წარდგენის დროებითი წესი
1. არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი/საარჩევნო სუბიექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამ კვირაში ერთხელ წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით.
2. ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 12 დღისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენენ არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის მდგომარეობით გამოყენებული სახსრების ანგარიშს.
3. მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია მეორე ტურის გამართვის დღემდე 3 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს პირველი ტურის კენჭისყრის დღის შემდგომ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური ანგარიში.
4. საარჩევნო სუბიექტები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ხოლო მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები − მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენენ არჩევნების დანიშვნის დღიდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით გამოყენებული სახსრების ანგარიშს. აუდიტორული შემოწმების ჩატარების უფლება აქვს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი არ აღემატება 10 000 (ათი ათას) ლარს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე.
