Article 200^1. 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი
1. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნით: ა) საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო შეტყობინებით მიღებულ ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი); ბ) ამომრჩევლის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ეცნობება ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ. ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში ამ ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას; გ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღინიშნება ამომრჩევლის იმავე ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში გადაყვანა, აგრეთვე ამომრჩეველთა ერთიან სიასა და ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, „ფაქტობრივი მდგომარეობის“ გრაფაში კეთდება ჩანაწერი „ეტლით მოსარგებლეა“, რომელიც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ამავე კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
