Article 53. არჩევნებისათვის/რეფერენდუმისათვის საჭირო ფულადი სახსრები
1. ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 55 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ცესკოს მიერ მისთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა უზრუნველყოფს არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე.
3. საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს ცესკო.
4. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 45 დღისა ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე.
5. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა წყვეტს ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან ყოველგვარ ანგარიშსწორებას და 10 დღის ვადაში სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხავს თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს. ამ ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს წარუდგენს საფინანსო ანგარიშს. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
