1.თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან. ამის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ხარჯების გაზრდას; ბ) წარმოადგენს პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით; გ) გამოცემულია საგანგებო ან საომარ მდგომარეობაში შესაბამისი კანონის საფუძველზე; დ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უშიშროებას.
3.გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების გაგრძელების შესახებ იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ან მისი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს სასამართლოს შეჩერებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების გაგრძელება. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1698 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.181 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6880 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

