საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 229. აფეთქება
1. ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედება, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე .
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი საზოგადოებრივ ადგილზე, საჯარო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში ან ინფრასტრუქტურის ობიექტზე ანდა მის წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის ან სხეულის მძიმე დაზიანების გამოწვევის ან/და აღნიშნული ადგილის, დაწესებულების, სისტემის ან ობიექტის დაზიანების მიზნით, როცა ეს დაზიანება იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგს, ან მას, სავარაუდოდ, მოჰყვება ასეთი დანაკარგი, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე .
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ასეთი დანაშაულისათვის; გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
