საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Article 21^122. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი
1. მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან 30 დღის ვადაში და გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ ან იღებს გადაწყვეტილებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. მოსამართლეს უფლება აქვს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ატყობინებს შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს და იმ უცხოელს, რომლის გაძევებასაც ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აღნიშნულ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა აუცილებელია, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში უცხოელს ეგზავნება შესაბამისი საქმის მასალები. უცხოელს უფლება აქვს, მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე შეტყობინებიდან და საქმის მასალების გადაცემიდან 72 საათის ვადაში წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები.
