საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 31^1. უცხოელის საქართველოდან გაძევება
1. უცხოელის საქართველოდან გაძევება ნიშნავს ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უცხოელის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფას. ამ ადმინისტრაციული სახდელის მიზნებისთვის უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.
2. უცხოელის საქართველოდან გაძევების შეფარდებას წყვეტს სასამართლო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვის საფუძველზე.
3. ადმინისტრაციულ სახდელად უცხოელის საქართველოდან გაძევება შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის უცხოელის საქართველოში დარჩენა.
