1.ქონებრივი ზიანის ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ – კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა.
2.პირი ან მისი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს წარუდგენს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში.
3.ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა ერთოდეს: ა) პირის მიმართ კონვენციის დარღვევის ან/და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე კომიტეტის გადაწყვეტილების ასლი; ბ) პირის წარმომადგენლის მიერ სარჩელის წარდგენისას − წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი № 5013 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №202 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2994 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.





