პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
For information only — not legal advice.
1. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება ამ თავისა და ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესისა და პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესის შესაბამისად, რომლებიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით.
2. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება: ა) რისკის ანალიზზე დაყრდნობით ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით; ბ) თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; გ) თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
3. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება დოკუმენტური შემოწმებით ან/და ტექნიკური შემოწმებით.
4. პროდუქტის დოკუმენტური შემოწმება ხორციელდება ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მისთვის პროდუქტთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების მიწოდებით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით.
5. ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ხორციელდება პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმებით/გამოცდით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით.
6. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელებისას ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც პროდუქტის ყველა მახასიათებელი, ისე პროდუქტის კონკრეტული კომპონენტი ან ის მახასიათებელი, რომელთან დაკავშირებითაც მას აქვს რისკის შესახებ ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი.
7. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები შეიძლება განხორციელდეს როგორც საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში, ისე პროდუქტის წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში.
8. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს იმ პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების მისთვის გადაცემა, რომელთან დაკავშირებითაც მას აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქტი შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელებისთვის.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროდუქტზე, რომლის ფიზიკური მახასიათებლების ან/და სხვა თვისებრივი მახასიათებლების გამო ვერ მოხერხდება პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების აღება. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილებით ეს პროდუქტი შეიძლება ადგილზე შემოწმდეს.
10. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია დამოუკიდებლად განახორციელოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის ფარული შესყიდვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საფრთხის ეფექტიანად აღმოჩენასა და გამოვლენას.
11. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს (შემდგომ − შემოსავლების სამსახური) აქვს ინფორმაცია იმ პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს დადასტურებული საფრთხე, იგი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ამ პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის დაუშვებლობისთვის და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განსახორციელებლად.
12. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განსახორციელებლად, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით მიმართოს შემოსავლების სამსახურს პროდუქტის შეჩერების თაობაზე. შემოსავლების სამსახური ვალდებულია შეაჩეროს პროდუქტი პროდუქტის შემოწმებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.
13. თუ დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსით ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და მასთან დაკავშირებით არსებობს დადასტურებული საფრთხე, შემოსავლების სამსახური ვალდებულია არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.
14. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით პროდუქტის მიმართ საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.
Closest in meaning — including in other laws
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი