1.ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის წესები და პროცედურები, აგრეთვე მათი დაცვისათვის პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებები დგინდება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით, შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით: ა) დამსაქმებლის მიერ სამუშაო ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის/ორგანოს განსაზღვრა; გ) დასაქმებულის გარდაცვალების, მისი ჯანმრთელობის დაზიანების ან დაავადების თავიდან აცილების მიზნით პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა; დ) დასაქმებულთა ინფორმირება ინსტრუქციების გამოკვრის, ობიექტების ნიშანდების, დასაქმებულთა ტრენინგის, რისკების შეფასებისა და მართვის მეშვეობით. 1 1 . თუ ობიექტი იმავდროულად მიეკუთვნება „ შრომის უსაფრთხოების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის რეგულირების სფეროს , ობიექტზე შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმები განისაზღვრება აგრეთვე „ შრომის უსაფრთხოების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით .
2.მშენებლობის პროცესში შრომის უსაფრთხოების პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3.დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულებს მიაწოდოს მომეტებულ ტექნიკურ საფრთხესთან დაკავშირებული ინფორმაცია.
4.დასაქმებულს, რომელიც იმყოფება სამუშაო ადგილზე, უფლება აქვს, იცოდეს: ა) რა სახის მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაოს ასრულებს; ბ) რა შედეგებს გამოიწვევს შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დაუცველობა როგორც პირადად მისთვის, ისე გარშემომყოფთათვის; გ) რა ღონისძიებებია განსახორციელებელი უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი № 2051 - ვებგვერდი, 21.03.2018წ. საქართველოს 2019 წლის 19 თებერვლის კანონი №4285 – ვებგვერდი, 04.03.2019წ.




