1.საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმი; ბ) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით სატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან, არ დაუშვას გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია; გ) შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმების გარეშე არ დაუშვას გზაზე მისი კუთვნილი არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება; დ) ექსპლუატაციაში მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად დაამაგროს საცნობი ნიშნები; ე) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2.სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და ტექნიკური მდგომარეობისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირს ეკრძალება: ა) ექსპლუატაციაში გაუშვას ტექნიკურად გაუმართავი ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციაც აკრძალულია, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დადგენილი წესების დარღვევითაა გადაკეთებული ან არ არის დადგენილი წესით რეგისტრირებული ან/და რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა); ბ) სატრანსპორტო საშუალების სამართავად დაუშვას ის პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია ან/და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მართვისათვის დადგენილ მოთხოვნებს, რაც საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას, აგრეთვე ის პირი, რომელსაც არ აქვს მოცემული კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; გ) ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე მოძრაობისათვის გაუშვას მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.
3.გზის, რკინიგზის გადასასვლელისა და სხვა საგზაო ნაგებობის მდგომარეობისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) გზა, რკინიგზის გადასასვლელი და სხვა საგზაო ნაგებობა შეინახოს მოძრაობისათვის უსაფრთხო მდგომარეობაში; ბ) მიიღოს ზომები მოძრაობისათვის შექმნილი დაბრკოლების დროულად აღმოფხვრისათვის, აგრეთვე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის აკრძალვისათვის ან შეზღუდვისათვის, თუ ამ გზით სარგებლობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას.
4.გზაზე სამუშაოთა წარმოებისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) გზაზე სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოება. ეს ადგილი, აგრეთვე იქ გაჩერებული საგზაო-სამშენებლო მანქანები, სამშენებლო მასალა, კონსტრუქციები და ა. შ., რომლებიც არ გააქვთ გზის სავალი ნაწილის მიღმა, აღჭურვოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, მიმანიშნებელი და შესაღობი მოწყობილობებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – დამატებითი წითელი და ყვითელი სასიგნალო სინათლეებით; ბ) დღე-ღამის ნებისმიერ დროს გზაზე სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი პირები არ დაუშვას დიდ მანძილზე შესამჩნევი, ფოსფორირებული და შუქამრეკლი ტანსაცმლის გარეშე; გ) სამუშაოების დამთავრებისას გზაზე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის უსაფრთხო მოძრაობა. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1913 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.




