1.სამართლებრივი დაცვა არის საკონსულო თანამდებობის პირის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობის დროს განხორციელებული ღონისძიებები.
2.საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სამართლებრივი დაცვა შეიძლება განხორციელდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობის დროს.
3.საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია შესაბამისი რწმუნების გარეშე წარმოადგინოს საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კანონიერი ინტერესები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისთვის პასუხისმგებელი წარმომადგენლის განსაზღვრამდე. სამართლებრივი დაცვის განხორციელება არ გულისხმობს სასამართლო განხილვის ან გამოძიების პროცესში უშუალო წარმომადგენლობას.
4.საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან წარმომადგენლობის განხორციელებისას თვალყური ადევნოს, რომ ბრალდებული უზრუნველყოფილი იყოს წარმომადგენლის და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით.
5.საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია შეხვდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან სადეპორტაციო ბანაკში (საიმიგრაციო ცენტრში) მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით და პირადად დარწმუნდეს, რომ დაკავებულის მდგომარეობა და განთავსების პირობები შეესაბამება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს.
6.საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივი დაცვა შეიძლება გამოიხატოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მათი უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობით. უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საკონსულო თანამდებობის პირი გასცემს სხვადასხვა ცნობას, ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტს, ასრულებს და ამოწმებს დოკუმენტის თარგმანს, უზრუნველყოფს დოკუმენტისა და ინფორმაციის გამოთხოვას. 6 1 . საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.




