1.საქართველოში უცხოელს უფლება აქვს, პირადი, ქონებრივი და სხვა უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს, მიუხედავად თავისი სამართლებრივი მდგომარეობისა.
2.სამართალწარმოების დროს უცხოელი სარგებლობს ისეთივე საპროცესო უფლებებით, როგორებითაც – საქართველოს მოქალაქე. 2 1 . სამართალწარმოების დროს უცხოელს შეუძლია საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურების უფლებით, თუმცა სამართალწარმოებაში ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, ადვოკატმა სამართალწარმოებაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. სამართალწარმოების დროს ადვოკატის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა სამართალწარმოების განხორციელებას არ აფერხებს. 2 2 . თუ სამართალწარმოების დროს უცხოელის მიერ აყვანილი ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, სამართალწარმოება ადვოკატის მონაწილეობის გარეშე განხორციელდება. ამ შემთხვევაში არ ინიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.
3.უცხოელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომლის მოქალაქეც არის იგი ან რომელშიც ის მუდმივად ცხოვრობს ან რომელიც უფლებამოსილია დაიცვას მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები.
4.უცხოელის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები ვალდებული არიან, მისი დაკავების, დაპატიმრების ან თავისუფლების აღკვეთის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება თავშესაფრის მაძიებელსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №46 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.




