საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ
Article 10^2. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება
1. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა/ სკოლისა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა/კოლეჯისა ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, აგრეთვე სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელის მოადგილეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს უფლებამოსილი პირი.
2. (ამოღებულია - 01.04.2025, №402).
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილე თავისუფლდება თანამდებობიდან, თუ: ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) დაიკავა მისთვის შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს შეუთავსებელ საქმიანობას; ე) გადადგა თანამდებობიდან; ვ) გარდაიცვალა; ზ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას; თ) ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას. 3 1 . საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილე თანამდებობიდან თავისუფლდება: ა) მისი დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ინიციატივით, რის თაობაზედაც მას ეცნობება 1 თვით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ბ) მისი დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ინიციატივით, რის თაობაზედაც მას ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
