„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 8. მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ
1. საინვესტიციო ფონდის ან/და საპენსიო სქემის აქტივების მართვის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირს.
2. აქტივების მმართველი კომპანია რეგისტრირებული უნდა იყოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება.
3. აქტივების მმართველი კომპანია საქმიანობას ახორციელებს საინვესტიციო ფონდის ან სქემის წესდების, საინვესტიციო დეკლარაციის და წესების, ფონდსა და აქტივების მმართველ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების ან მართვის მინდობის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებისა და საზედამხედველო ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.
4. აქტივების მმართველ კომპანიას დადებული უნდა ჰქონდეს სადეპოზიტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება ცენტრალურ დეპოზიტართან, სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან დეპოზიტართან, რაც სავალდებულოა საპენსიო სქემებისთვის და ყველა იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო ფონდის პაის, წილის ან აქციების რეგისტრირებულ მესაკუთრეთა რაოდენობა 50-ს აღემატება.
5. აქტივების მმართველი კომპანია არ შეიძლება იყოს იმ საინვესტიციო ფონდის ან სქემის დამფუძნებელთან, მნიშვნელოვანი წილის (პაის, წილის ან აქციების) მფლობელთან დაკავშირებული პირი, რომელსაც უწევს აქტივების მართვის მომსახურებას. აქტივების მმართველი კომპანია აგრეთვე არ შეიძლება იყოს იმ დეპოზიტართან დაკავშირებული პირი, რომელთანაც დებს საინვესტიციო ფონდის მომსახურებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას.
6. აქტივების მმართველ კომპანიას შეუძლია დადოს ხელშეკრულება სხვა იურიდიულ პირებთან, თუ ეს გათვალისწინებულია აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულებით. ამ შემთხვევაში აქტივების მმართველი კომპანია პასუხისმგებელია საინვესტიციო ფონდის ან საპენსიო სქემის მეპაიეების, მეწილეებისა და აქციონერების წინაშე მის მიერ სხვა პირისთვის გადაცემულ აქტივებზე.
7. აქტივების მმართველი კომპანია აქტივებში ინვესტირებას, ამ კანონში აღნიშნული ან/და საზედამხედველო ორგანოს წესებით დადგენილი გამონაკლისების გარდა, ახორციელებს მხოლოდ დეპოზიტართან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების პირობები შეთანხმებული უნდა იყოს კოლექტიური საინვესტიციო ან საპენსიო სქემის დამფუძნებელთან, მეპაიეებთან/მეწილეებთან/აქციონერებთან ან/და საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებთან. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
