1.მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობითა და მის მიერ დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო აქტივების ამ მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისთვის სამართავად გადაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდი აქტივების მმართველ კომპანიასთან დებს შესაბამის ხელშეკრულებას. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია საპენსიო აქტივები მხოლოდ სხვა ტიპის აქტივებში საინვესტიციოდ იქნეს გადაცემული.
2.აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მართოს საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების მართვის ხელშეკრულებისა და საინვესტიციო კომიტეტის მიერ დამტკიცებული და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული დეტალური საინვესტიციო სახელმძღვანელოს შესაბამისად.
3.აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, უნდა იყოს ლიცენზირებული და საპენსიო აქტივების მართვის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული იურიდიული პირი, ბოლო 3 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა ახორციელებდეს საქმიანობას და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების პროცედურები.
4.ამ მუხლის მიზნებისთვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოში ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის დამატებითი მოთხოვნები დაადგინოს.
5.აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ არის რეგისტრირებული, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა იყოს იმ სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული, სადაც რეგისტრირებულია, აგრეთვე ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული; ბ) ბოლო 10 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა ახორციელებდეს საქმიანობას და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების პროცედურები; გ) არ უნდა იყოს მმართველობითი საბჭოს წევრთან აფილირებული პირი; დ) უნდა ჰქონდეს მესამე (კერძო და ინსტიტუციური) პირების დაგროვილი აქტივების მართვის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
6.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის დამატებითი მოთხოვნები დაადგინოს.
7.მმართველობითი საბჭო შერჩევის გამჭვირვალე პროცედურების გამოყენებით შეარჩევს ერთ ან ერთზე მეტ აქტივების მმართველ კომპანიას. მმართველობითი საბჭო ადგენს აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს.
8.ამ მუხლის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიასთან განთავსებული საპენსიო აქტივები არ არის მისი საკუთრება, არ შეიძლება მიექცეს აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებების შესასრულებლად, არ არის მისი აქტივების ნაწილი, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს გადახდისუუნარობის პროცედურები.
9.ამ მუხლის დებულებებზე ვრცელდება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესები. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.





