Article 29. აქტივების მმართველი კომპანიისთვის საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. აქტივების მმართველი კომპანიისთვის საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) აქტივების მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულების, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და კანონის შესაბამისად; ბ) აქტივების მმართველი კომპანიისთვის ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება; გ) აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება; დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება.
2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას შეუწყვიტოს ერთი ან რამდენიმე საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილება, თუ აქტივების მმართველი კომპანია არღვევს ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი საქართველოს სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით ან მითითებით დადგენილ მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის საინვესტიციო ფონდს ან მის ინვესტორებს. თუ საინვესტიციო კომპანიის მიერ დანიშნულ აქტივების მმართველ კომპანიას უფლებამოსილება შეუწყდება ამ პუნქტის შესაბამისად, საზედამხედველო ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას სარეგისტრაციოდ წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.
