Article 16. პოლიციის ფუნქციები
1. პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება.
2. პოლიციის ფუნქციებია: ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; ბ 1 ) დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარეშე მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძებნაში პირთა დახმარება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; გ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების საფუძველზე; ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი; ვ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი და დამნაშავეობასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავება; ზ) სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება; თ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ი) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა; კ) არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; კ 1 ) თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე პირისა და დროებითი დაცვის მქონე პირის უფლებების დაცვა; ლ) საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება; მ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში მონაწილეობა; ო) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა; ო 1 ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; პ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან პატიმრობაშეფარდებული პირის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან იმავე კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელის იზოლატორში განთავსება; ჟ) ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით საინფორმაციო ბაზების (მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების, ნასამართლობისა და მსჯავრდების შესახებ ბაზების) წარმოება და ამ ბაზებში დაცული მონაცემების დამუშავება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინფორმაციო ბაზების წარმოებისა და აღნიშნულ ბაზებში დაცული მონაცემების დამუშავების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3922 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1683 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის კანონი №1036 – ვებგვერდი, 06.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1576 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2296 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №867 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პოლიციის შესახებ
