კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
Article 16. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სახელმწიფო აღრიცხვა და სააღრიცხვო დოკუმენტაცია
1. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება ძეგლების სახელმწიფო რეესტრი, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია, სააღრიცხვო ბარათი და ძეგლის პასპორტი. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია და სახელმწიფო რეესტრი.
2. ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიას აწარმოებს სამინისტრო.
3. სააღრიცხვო ბარათი არის ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ზოგადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.
4. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ძეგლების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ სამინისტრო უფლებამოსილია შეადგინოს ძეგლის პასპორტი. ძეგლის პასპორტი არის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ძეგლთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევით ინფორმაციას.
5. ახალი ცნობების მოკვლევის ან გარემოებათა ცვლილების შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაცია განახლდება.
