Article 7. საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების უფლებამოსილებანი
1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებებია: ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამ კანონით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის შექმნა; გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების ერთიანი სისტემის შექმნა; დ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, აგრეთვე ამ სფეროში საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, კონტროლი და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განხორციელება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
