ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 165. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი სხვა ღონისძიებები
1. საქართველოს მთავრობამ: ა) 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცება; ბ) 2014 წლის 1 ივნისამდე, საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების დადგენისა და გამოყენების წესების განსაზღვრა; გ) 2014 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის წესების, ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ანგარიშსწორების წესების დამტკიცება; დ) 2015 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის უზრუნველსაყოფად; ე) 2016 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლისა და მიწის რესურსების, განსაზღვრის მიზნით.
